|
აუდიტორული მომსახურების ხარისხის სტანდარტი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ფედერაციის ხარისხის კონტროლის კომიტეტის მიერ მომზადებული მომსახურების ხარისხის სტანდარტი. იგი ადგენს აუდიტორის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის შემოწმების წესებს და მიმართულია საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული წესები გამოყენებული იქნება ბაფ-ის კორპორაციული წევრებისა და წევრი ინდივიდუალური აუდიტორების მომსახურების დონის შესაფასებლად. ბაფ-ის წევრობა ნებაყოფლობითია, მაგრამ ხარისხის კონტროლის კომიტეტს მიაჩნია, რომ მომსახურების ხარისხის შემოწმება სასურველია საქართველოში ფუნქციონირებადი ყველა აუდიტორისათვის.
დამტკიცებულია ბაფ-ის გამგეობის სხდომის მიერ. სხდომის ოქმი #9. 18.10.2006. მომსახურების ხარისხის სტანდარტი
მიზანი 1. წინამდებარე სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ, საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის დონის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. 2. სტანდარტის მიზანია დაადგინოს ნორმები და მითითებები, რომლის მიხედვითაც უნდა შემოწმდეს და შეფასდეს აუდიტორული მომსახურების ხარისხის დონე. გამოყენებული ტერმინები 3. სტანდარტში ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით: აუდიტორი _ ბაფ-ის წევრი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული მომსახურება (აუდიტური ფირმა ან ინდივიდუალური აუდიტორი); აუდიტური ფირმა _ ბაფ-ის წევრი იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს აუდიტური პრაქტიკის პროფესიულ შტატს და მომსახურებას ეწევა აუდიტის სფეროში; ინდივიდუალური აუდიტორი _ ბაფ-ის წევრი ფიზიკური პირი, რომელიც აუდიტის სფეროში მომსახურებას ეწევა ინდივიდუალურად; ხარისხის სტანდარტი _ აუდიტორული მომსახურების ხარისხის დონის შემოწმების პოლიტიკა და პროცედურები; კომისია _ ბაფ-ის ხარისხის კონტროლის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ხარისხზე კონტროლის ფუნქციას; ექსპერტი _ კომისიის წევრი, რომელიც ატარებს შემოწმებას.
ხარისხის სტანდარტის მასშტაბი 4. ხარისხის სტანდარტი ვრცელდება ბაფ-ის ყველა წევრ აუდიტორზე. 5. ხარისხის კონტროლს ექვემდებარება ბაფ-ის ყველა წევრი აუდიტორი.
შემოწმების საგანი
6. შემოწმების საგანია დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც უკავშირდება: ა) აუდიტორის, როგორც აუდიტორული საქმიანობის სუბიექტის, ლეგიტიმურობას; ბ) საქმიანობის ნებადართულ სახეობასთან შესაბამისობას; გ) აუდიტორის მიერ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, ეთიკის კოდექსის ნორმებისა და ასს-ის დაცვას; დ) ბაფ-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. 7. ლეგიტიმურობის დასადგენად ტესტირებასა და ვიზიტით შემოწმებას ექვემდებარება წესდება, დადგენილება რეგისტრაციის შესახებ, სერტიფიკატი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ აუდიტორის კანონიერ საქმიანობას. 8. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს, ხომ არ ეწევა აუდიტორი კანონით შეზღუდულ საქმიანობას, ან აუდიტორულ საქმიანობას იმ სფეროში, რომელშიც სათანადო გამოცდილება არ გააჩნია. 9. ტესტის კითხვარებსა და ვიზიტის პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმის შესწავლა, აუდიტორი: ა) იცავს თუ არა პატიოსნების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალობის პრინციპებს და ახორციელებს თუ არა მათ მონიტორინგს; ბ) რამდენად კვალიფიციური და კომპეტენტურია მოვალეობის შესასრულებლად; გ) როგორ იყენებს უწყვეტი პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამებს შესაფერისი ცოდნისა და გამოცდილების დასაგროვებლად; დ) რამდენად იცავს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს და ბაფ-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს; ე) აკურატულად, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აწარმოებს თუ არა დოკუმენტაციას; ვ) რამდენად საფუძვლიანად სწავლობს კლიენტის საქმიანობას და იცავს თუ არა აუდიტის დაგეგმვის მოთხოვნებს; ზ) იყენებს თუ არა სხვა კონსულტანტებისა და სპეციალისტების მომსახურებას, განსაკუთრებით რთული საკითხების გარკვევისა და გადაწყვეტილების მიღებისას.
კომისია
10. მომსახურების ხარისხის სტანდარტის განხორციელების მიზნით, იქმნება კომისია. კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 7-9 კაცის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობას და სამოქმედო წესებს ამტკიცებს ხარისხის კონტროლის კომიტეტი. 11. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს ხარისხის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე, იგი იმავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე. 12. კომისიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის სტანდარტის შესრულება, რათა ყველა აუდიტორის მხრიდან მიღწეულ იქნეს აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 13. კომისიის წევრი შეიძლება იყოს ბაფ-ის არაწევრი სპეციალისტი. 14. კომისიის წევრები უნდა იყვნენ კვალიფიციური აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებსა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში. 15. კომისია ადგენს ხარისხის შემოწმების გეგმას და გრაფიკს. 16. ხარისხის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით კომისია: ა) შეიმუშავებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებს; ბ) აძლევს პროფესიული მომსახურების გასაუმჯობესებელ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს აუდიტორებს, რომლებიც საჭიროებენ მნიშვნელოვან დახმარებას; გ) უდგენს აუდიტორებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ვადას და აკონტროლებს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას; დ) მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მიმართავს ხარისხის კონტროლის კომიტეტს დისციპლინარული ზომების გასატარებლად. 17. ექსპერტის შრომა ანაზღაურებადია. გასამრჯელოს ოდენობა დამო¬კიდებულია ექსპერტის მიერ შემოწმებაზე დახარჯულ დროზე. გასამრჯელოს საათობრივ განაკვეთს ადგენს ფედერაციის გამგეობა. 18. ხარისხის შემოწმებით უნდა: ა) განისაზღვროს, რამდენად იცავენ აუდიტორები საქართველოს კანონმდებლობის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს; და ბ) გამოვლინდეს აუდიტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად საჭიროებენ დახმარებას თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესასრულებლად. 19. შემოწმებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს აუდიტორის იმიჯზე, დამოუკიდებლობასა და ინფორმაციის კონფიდენციალობაზე. 20. ხარისხის შემოწმების პროგრამამ უნდა მოიცვას: ა) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებითი მოთხოვნებისა და პირობების შემოწმება; ბ) ხარისხის კონტროლის შიდასაფირმო სტანდარტების (წესების) არსებობის შემოწმება; გ) ხარისხის კონტროლის შიდასაფირმო სისტემის გამოკვლევა და მოსაზრების გამოხატვა მის ეფექტურობაზე; დ) აუდიტორული შემოწმების ყველა ეტაპის პრაქტიკული განხორციელების შეფასება (კლიენტის მიღებით დაწყებული აუდიტის დასრულებითა და აუდიტორული დასკვნის გაცემით დამთავრებული, ყველა ეტაპის აუდიტის სტანდარტების შესაბამისად, სამუშაო დოკუმენტების სრულად და სწორად გაფორმების გათვალისწინებით); ე) კადრების შერჩევისა და თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების გამოყენებული სისტემის შეფასება; ვ) ხარისხის აუცილებელი დონის უზრუნველმყოფელი სხვა ფაქტორების შეფასება. 21. ხარისხის შემოწმების პროგრამით გასაანალიზებელი დავალების მიხედვით, ექსპერტმა უნდა შეაფასოს, ხომ არ გამოვლინდა რაიმე ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ: ა) აუდიტორი არ იცავს თავისივე წესებსა და პროცედურებს ხარისხის საიმედოობასთან დაკავშირებით; ბ) მომსახურების მიმღები კლიენტის ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებით ნაწილში არ იყო შემოწმებული აუდიტის საერთაშორისო სტან¬დარტების შესაბამისად და აუდიტორს არ ჰქონდა დასკვნის გაცემის გონივრული საფუძველი; გ) სამუშაო დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს გაცემულ დასკვნას. 22. ხარისხის შემოწმება ხორციელდება გამოკითხვისა და ვიზიტის (ადგილზე მისვლით) გზით.
გამოკითხვა
23. გამოკითხვა ტარდება კომისიის მიერ, წელიწადში ერთხელ. 24. გამოკითხვისათვის კითხვარებს ადგენს კომისია და კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებით (ფაქსი, იმეილი, ფოსტა) უგზავნის აუდიტორს. 25. კითხვარზე პასუხს ავსებს აუდიტორი და უბრუნებს კომისიას დადგენილ ვადაში. 26. აუდიტორისაგან მიღებულ კითხვარს აანალიზებს ექსპერტ(ებ)ი, რომელიც ინიშნება კომისიის თავმჯდომარის მიერ. ერთ ექსპერტს შეიძლება დაეკისროს რამდენიმე აუდიტორიდან მიღებული კითხვარის გაანალიზება.
ვიზიტები
27. ვიზიტების გზით ხარისხის შემოწმება ხდება ექსპერტის მიერ; ექსპერტს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე; ექსპერტი მოქმედებს კომისიის მიერ განსაზღვრული დავალების ფარგლებში. 28. ხარისხის კონტროლის კომიტეტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ექსპერტებს გააჩნიათ თანამედროვე პროფესიონალისათვის დამახასიათებელი პროფესიული და ხარისხის კონტროლის სტანდარტების სათანადო ცოდნა, აგრეთვე გამოცდილება, პროფესიული თვალსაზრისით, კომპეტენტური შემოწმების ჩასატარებლად. 29. ექსპერტის მიერ ვიზიტების გზით ხარისხის შემოწმება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ა) კონფიდენციალობა; ბ) სავალდებულობა; გ) დამოუკიდებლობა; დ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა; ე) საკმარისობა; ვ) კეთილგანწყობა. 30. ვიზიტი იგეგმება კომისიის მიერ. სავიზიტო გეგმა მოიცავს შესამოწმებელ სუბიექტს, შემოწმების ობიექტს და კონკრეტულ დავალებას, რომლის ფარგლებში მოქმედების უფლებამოსილებაც მინდობილობით ენიჭება ექსპერტს. 31. ვიზიტის გეგმა და გრაფიკი ქვეყნდება ყოველი წლის პირველ აპრილამდე ჟურნალში `ბუღალტრული აღრიცხვა~. 32. კომისია, ვიზიტამდე სამი თვით ადრე, აუდიტორს უგზავნის შეტყობინებას ვიზიტთან დაკავშირებით, დანიშნული ექსპერტის მითითებით. 33. ვიზიტის დაგეგმვისას კომისია ხელმძღვანელობს შემდეგი ნორმებით: ა) ვიზიტს აუდიტორი ექვემდებარება მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ; გ) 2008 წელს ვიზიტით შემოწმებას ექვემდებარება ფედერაციის წევრი ყველა აუდიტორი. შემდეგი შემოწმების გრაფიკს ადგენს კომიტეტი აუდიტორთან შეთანხმებით; დ) ვიზიტით შემოწმება შეიძლება ჩატარდეს აუდიტორის ინიციატივით. 34. მომსახურების ხარისხის ვიზიტით შემოწმებისას, შესწავლას უნდა დაექვემდებაროს შემდეგი დოკუმენტები: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) აუდიტორის (აუდიტური ფირმის სპეციალისტების) სერტიფიკატები, განგრძობითი სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) კადრების შემადგენლობის დოკუმენტები; დ) აუდიტის ხარისხის შიდაკონტროლის დოკუმენტები (დებულება, მეთოდიკა, ინსტრუქცია, სახელმძღვანელო, სამუშაო დოკუმენტების ნიმუშები და სხვ.); ე) სამუშაო დოკუმენტები, ანგარიშგებები, აუდიტორული დასკვნები, შემოწმების პროგრამები. 35. ექსპერტი, ვიზიტის გეგმის შესრულების შემდეგ, ანგარიშს წარუდგენს კომისიას; შემოწმების შედეგები ანგარიშში უნდა აისახოს ობიექტურად.
შემოწმების შედეგის გაფორმება
36. შემოწმების შედეგებზე უნდა გაფორმდეს ანგარიში. 37. ანგარიშს ადგენს კითხვარის ანალიზზე დანიშნული ექსპერტი ან/და ვიზიტით შემოწმებაზე დანიშნული ექსპერტი. 38. შემოწმების შედეგების ანგარიში უნდა შედგეს იმ სახით, რომ აუდიტორს დაეხმაროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრასა და განხორციელებაში. აგრეთვე სხვა გამაუმჯობესებელი ღონისძიებების დანერგვაში. 39. შემოწმების (კითხვარის ანალიზის) დასრულების შემდეგ, ექსპერტმა შემოწმების შედეგი უნდა განიხილოს აუდიტორთან (ფირმის ხელმძღვანელთან). განხილვას უნდა დაექვემდებაროს: ა) შემოწმების ჩატარების მიმდინარეობა: ბ) არსებითი შენიშვნები; გ) აუდიტორის საქმიანობის სუსტი მხარეები; დ) წინადადებები საქმიანობის გასაუმჯოსებლად. 40. შემოწმების შედეგების შესახებ ექსპერტი ანგარიშს ადგენს ორ ეგზემპლარად. ანგარიშის ერთი პირი გადაეცემა აუდიტორს, მეორე _ ხარისხის კონტროლის კომიტეტს. 41. ხარისხის კონტროლის კომიტეტის რეკომენდაციით, ბაფ-ი გასცემს ხარისხის სერტიფიკატს 3 წლის ვადით. 42. ხარისხის სერტიფიკატი მიეცემა აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების ხარისის მისაღებ დონეს.
დისციპლინარული ზომები
43. კომისია ამზადებს და ხარისხის კონტროლის კომიტეტს წარუდგენს წინადადებებს დიციპლინარული ზომების გასატარებლად იმ აუდიტორების მიმართ, რომლებიც: ა) უარს აცხადებენ ტესტირებაზე; ბ) არ თანამშრომლობენ ექსპერტთან მისი ვიზიტის დროს; გ) არ ითვალისწინებენ ექსპერტის შენიშვნებსა და კომისიის რეკომენდაციებს ხარისხის გასაუმჯობესებლად; დ) თავიანთ მუშაობაში აქვთ ისეთი სერიოზული ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია საგანმანათლებლო ან გამაუმჯობესებელი ღონისძიებებით. 44. დისციპლინარული ზომა უნდა ატარებდეს აუდიტორის თვით¬შეგნების დონის ამაღლების ხასიათს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს უმაღლეს ზომას; 45. ფედერაციის გამგეობა, ხარისხის კონტროლის კომიტეტის წარდგინებით, ატარებს შემდეგ დისციპლინარულ ზომებს: ა) მითითება; ბ) შენიშვნა; გ) გაფრთხილება; დ) წევრობის შეჩერება და გამოქვეყნება. 46. ფედერაციის გამგეობის მიერ გატარებული დისციპლინარული ზომების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოიყენება უმაღლესი დისციპლინარული ზომა – წევრობიდან გარიცხვა. გარიცხვა ხდება ფედერაციის საერთო კრების მიერ, გამგეობის წარდგინებით.
გარდამავალი დებულებები
47. ხარისხის კონტროლის პროცედურები 2007 წლის ბოლომდე ხორციელდება მხოლოდ გამოკითხვის გზით.
ძალაში შესვლა
48. სტანდარტი ძალაში შედის 2007 წლის 1 იანვრიდან.
|